არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, კვლავ შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო - ეკატერინე მიქაბაძე
„არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, კვლავ შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო", - ამის შესახებ სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დაახლოებით 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში წლიური ინფლაცია 5.2%-ს შეადგენს. მიზნობრივ 3%-იან დონესთან შედარებით მაღალი ზრდა განპირობებულია სურსათის ინფლაციით. სურსათის ფასების გამორიცხვით და ასევე ხისტი ფასების საზომი სხვა მაჩვენებლების მიხედვით, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება.
კერძოდ, მომსახურების ინფლაცია 2.5%-ს შეადგენს, ხოლო საფასო ინფლაცია 2.4%-ია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ იმპორტირებული პროდუქტის ინფლაცია დაბალია, კერძოდ 0%-ი. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული ტენდენციებისა, შედარებით მოქნილი ფასების ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება, და მოქნილ ფასებში სწორედ რომ სურსათის ფასები მოიაზრება, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს საყურადღებოდ ტოვებს.
სწორედ ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2025-2026 წლებისათვის. კერძოდ, 2025 წელს ინფლაცია დაახლოებით 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე დაიკლებს. სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების გავლენას ერთჯერადი ეფექტი ექნება და ეტაპობრივად ამოიწურება. სწორედ ამ დაშვებას ეფუძნება ჩვენი ცენტრალური სცენარიც, ანუ ადგილი არ ექნება ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებს, როდესაც ინფლაციური ზეწოლა სხვა პროდუქტებზე და მომსახურებაზე გადადის.
სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამჯერად კვლავ შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილება. თუმცა, შემდგომი გადაწყვეტილება უკვე დაფუძნებული იქნება მომავალ მონაცემებზე და რისკების რეალიზებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ეფექტების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივად შესანარჩუნებლად ან კიდევ უფრო გასამკაცრებლად", - განმარტავს ეკატერინე მიქაბაძე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.