ბანკების არსებული ფილიალების ქსელი, სავარაუდოდ, ეტაპობრივად ტრანსფორმირდება სერვისცენტრებად, მომსახურების ძირითადი ნაწილი კი ვირტუალურ სივრცეში - მობილურსა და ინტერნეტბანკში გადაინაცვლებს I დავით რუსია
კომერციული ბანკების ფილიალებში მომხმარებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად არის შემცირებული, - ასეთი შედეგები აჩვენა საბანკო ასოციაციის კვლევამ.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, არსებული ფილიალების ქსელის ეტაპობრივ ტრანსფორმაციას და მომსახურების ვირტუალურ არხებში გადანაცვლებას განაპირობებს. დავით რუსიას თქმით, ასეთ პირობებში კონკურენტულ უპირატესობას ის ბანკები მოიპოვებენ, რომლებიც მომხმარებლებს სწრაფ მომსახურებასა და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს შესთავაზებენ.
„იანვარში საბანკო ასოციაციამ ჩავატარეთ კვლევა იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას საბანკო სისტემის მიმართ. კვლევაში გამოიკვეთა ერთი ფაქტორი, რომელმაც ძალიან გაგვაკვირვა: ფილიალებში მომხმარებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად არის შემცირებული.
წარმოგიდგენიათ? ეს ნიშნავს, რომ არსებული ფილიალების ქსელი, სავარაუდოდ, ეტაპობრივად ტრანსფორმირდება სერვისცენტრებად, მომსახურების ძირითადი ნაწილი კი ვირტუალურ სივრცეში - მობილურსა და ინტერნეტბანკში გადაინაცვლებს. ამ პროცესმა, შესაძლოა, გარკვეულწილად კონკურენციაც გაზარდოს.
რატომ? იმიტომ, რომ მომხმარებლისთვის ეს ვიზუალური მხარე და მასშტაბის შეგრძნება გარკვეულწილად გაქრება. შესაბამისად, ბაზარზე უპირატესობას მოიპოვებს ის საბანკო დაწესებულება, რომელიც კლიენტს სწრაფად მოემსახურება და მასზე მორგებულ პროდუქტებს შესთავაზებს; ასეთ ბანკს მომხმარებლის გადაბირება ბევრად გაუადვილდება“, - განმარტავს დავით რუსია.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.