ბანკების მდგრადობა შოკების მიმართ გაიზარდა - ნათია თურნავა
16 მილიარდ ლარზე (ეკვივალენტის) მეტის ლიკვიდურობის ბუფერები გააჩნია ჩვენ ბანკებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ბანკებმა აღიდგინეს ბუფერები, აქ საუბარია როგორც კაპიტალის ბუფერებზე, ასევე ლიკვიდურობის ბუფერებზე.
„ეს ნიშნავს ბანკების უნარს რეაგირება ჰქონდეთ მოჭარბებულ მოთხოვნაზე თუ ასეთი მოთხოვნა დაფიქსირდა კრიზისის დროს. პანდემიის დროს, რა თქმა უნდა, იყო ასეთი კრიზისი. მათ გახარჯეს ეს ბუფერები. სპეციალური ბუფერები სწორედ იმისთვისაა, რომ კრიზისის დროს გაიხარჯოს და არ შეირყეს ფინანსური მდგრადობა. ამ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გაიზარდა ბანკების მდგრადობა შოკების მიმართ. თუმცა ბანკებს კვლავაც ვაწესებინებთ ახალ და ახალ ბუფერებს იმის გათვალისწინებით, რომ გამოწვევები იზრდება“, - აღნიშნა თურნავამ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.