„ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს - განცხადება
„კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს.
ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ს სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ ბანკ ქართუში განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს ბანკი ქართუს დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ ბანკ ქართუში მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე“, - ნათქვამია ბანკი ქართუს განცხდებაში.
მანამდე საქართველოს 6-მა მსხვილმა კომერციულმა ბანკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერას განაგრძობენ.
19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. რომლის თანახმადაც სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
18 სექტემბერს სებ-ის გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.