ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს - ირაკლი ღარიბაშვილი
მინდა აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი, 2024 წელს 2,5%-ით განისაზღვრება.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პარლამენტს გადავუგზავნოთ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტი.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტზე საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ, ამის შემდეგ ჩვენ პარლამენტს წარუდგინეთ სექტემბრის ბოლოს პირველი ვარიანტი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გავაგრძელეთ მუშაობა, თითოეულ სამინისტროსთან, მერე ასევე გვქონდა სამუშაო შეხვედრა პარლამენტთან, უმრავლესობასთან, კომიტეტებთან, ყველასთან დეტალურად გავიარეთ ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, შემდეგ ვიმუშავეთ და ახლა წარმოვადგენთ მეორე ვარიანტს.
მინდა აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2024 წელს გვექნება 2,5% და შემდგომ წლებში ასევე კიდევ შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38,2 პროცენტს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, სულ რაღაც სამი წლის წინ იყო 60%-ზე მეტი და ეს მოვახერხეთ ძალიან მალე, მოკლე პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.