ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია - ფინანსთა სამინისტრო
ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ:
• ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია;
• 2025 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია;
• ნომინალურ მაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა;
• ასევე სიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.
• უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა;
• ასევე, აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.