BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის 6 თვეში ბიუჯეტში ჯარიმის სახით 2 მლნ ლარზე მეტი შევიდა
დედაქალაქში BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის 2023 წლის ექვს თვეში ბიუჯეტში ჯარიმის სახით 26%-ით მეტი თანხა შევიდა ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LINE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ბიუჯეტში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) შესულმა შემოსავალმა 2,265,528.14 ლარი შეადგინა. აქედან 1,359,316.8 ლარი იყო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი შემოსავალი, ხოლო 906,211.28 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის.
ამასთან, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში BUS LANE-ზე გავლისთვის ან დგომისთვის ჯარიმის საერთო მოცულობამ 1,795,601.92 ლარი შეადგინა.
როგორც თბილისის მერიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის – ჯარიმა 100 ლარია;
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.