Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება - შოთა ლომთაძე
Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება, - ამის შესახებ Bybit Georgia-ს დირექტორმა შოთა ლომთაძემ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება მოთხოვნა ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დამატებით ლიკვიდობასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა შოთა ლომთაძემ.
მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმა Bybit საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადახდო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელებს.
Bybit Georgia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პირველი პროდუქტი კრიპტობარათი - Bybit Card იქნება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში გამოიყენონ.
„Bybit Card-ის გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტერნატიული კაპიტალის განვითარებისა და ფინანსურ ეკოსისტემაში ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი პროდუქტები მომხმარებლებს კრიპტო და ტრადიციული ფინანსური სერვისების უფრო მარტივად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.
მისივე თქმით, ეს პროდუქტი რეგიონში უნიკალურია და მომხმარებლებს კრიპტოაქტივებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ერთიან პლატფორმაზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროექტის განხორციელებაში კომპანიის პარტნიორები არიან Mastercard და Pave Bank, რომლებიც კრიპტობარათის განვითარებასა და ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობენ.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.