ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამდენ ნიჭიერ და ჭკვიან ადამიანთან მუშაობა - Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი
Lion Finance Group-ის წარმატების მთავარი საფუძველი ძლიერი გუნდი და ორგანიზაციაში დამკვიდრებული გახსნილობის კულტურაა - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ თანამშრომლების ერთობა და ნიჭიერი კადრების მოზიდვა ქმნის იმ გარემოს, რომელიც კომპანიას უწყვეტი განვითარების საშუალებას აძლევს.
„გუნდი ყველაფერია ამ კომპანიაში. მთელი ორგანიზაციის წარმატება ეს არის ადამიანების ერთობის წარმატება და არა თითოეული ადამიანის წარმატება. რაც შეეხება მოტივაციას, მთავარი ალბათ ის კულტურა არის, გახსნილობის კულტურა, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში არის და ეს გარემო იზიდავს ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს. ჩემთვისაც, მართალი გითხრათ, ძალიან სასიამოვნოა ამდენ ნიჭიერ და ჭკვიან ადამიანთან მუშაობა, იმიტომ რომ ყოველდღე ვსწავლობ მათგან და იმ ბიზნეს პარტნიორებისგან, ვისთანაც მე მაქვს შეხება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას