ჩინეთის სამ უმსხვილეს ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს. საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Dragontrail International თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის 2 უმსხვილესს ქალაქში: პეკინში, შენჟენსა და შანხაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და „როუდშოუები“ ჩატარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებაში ქართული კერძო სექტორის 20-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრებოდა. პრეზენტაციებზე ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებსა და სამზარეულოს გაეცნენ. მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს შეხვდნენ თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.