ჩვენ ვატარებთ ჰეჯირების, დედოლარიზაციის პოლიტიკას, იმისათვის რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებში გატარებულ მონეტარულ პოლიტიკაზე - ნათია თურნავა
ჩვენ თანდათან ვატარებთ დედოლარიზაციისა და ჰეჯირების პოლიტიკას ნაკლებად რომ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებში გატარებულ მონეტარულ პოლიტიკაზე - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს პარლამენტში დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.
თურნავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას გავლენა უნდა ჰქონდეს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე, თუმცა ამ დროისთვის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხები დაახლოებით 23 მილიარდი ლარის ეკვივალენტია.
„რა შეგვიძლია ჩვენ ამ შემთხვევაში? მაგალითად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მივიღეთ გადაწყვეტილება და კომერციული ბანკებისთვის შევამცირეთ სავალდებულო რეზერვის ნორმა 5%-ით, რამაც მათ გარკვეულწილად დამატებითი ლიკვიდურობა და მოქნილობა შესძინა. ამის პირველი შედეგები აისახა იმაში, რომ წამყვანმა ბანკებმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაიწყეს სესხების გაიაფება, ახალ სესხებზეა საუბარი.
მაგრამ ბუნებრივია, როცა ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში მთლიანი სასესხო პორტფელის 55% არის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული, ჩვენ ამის მთლიანად შერბილების რესურსი არ გაგვაჩნია“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჰეჯირებისკენ.
„ანუ სავალუტო კურსის რყევებისგან და საპროცენტო რისკებისგან ჩვენი მსესხებლის დაცვის პოლიტიკა ეს არის, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც ძირითადი შემოსავალი აქვთ ლარში, რა თქმა უნდა უმჯობესია და ლოგიკურია, რომ სესხებსაც ლარში აიღონ. რადგან ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად შემცირდება, იმ ფონზე, როცა ჩვენ ვამსუბუქებთ მონეტარულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა თუკი კონკრეტულ შემთხვევებში მომხმარებელი თვლის რომ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული და აქვს ამის მტკიცებულება და ვარაუდობს რომ მისი უფლებები რაღაცნაირად დაირღვა, მას შეუძლია მიმართოს როგორც ბანკებს ასევე ეროვნულ ბანკს, რადგან შესაბამისი სამსახური განიხილავს ასეთ საჩივრებს“, - განაცხადა თურნავამ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.