ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.