ჩვენს ხელთ ყველა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩავერიოთ კურსის დასტაბილურებაში - ნათია თურნავა
თუ ვხედავთ კურსის ჭარბ მერყეობას და არაეკონომიკური ფაქტორების გავლენას ლარზე, ჩვენს ხელთ ყველა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩავერიოთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ბაზარზე ცალკეული აჟიოტაჟური მერყეობაა, მაგრამ როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ლარის კურსზე ზეწოლაც მოიხსნება.
„დღეს ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ბუნებრივადაც შენარჩუნდეს წონასწორობა. ჩვენ უკვე ვხედავთ სავალუტო ბაზარზე პირველი სტაბილიზაციის ნიშნებს. რაიმე სხვა ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის კურსის გაუფასურებას, ამ ეტაპზე არ არსებობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ამ პერიოდისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პერიოდში, გაუარესებული მოლოდინების გამო ძალიან ხისტი მოთხოვნა იყო დოლარზე და მიწოდება პრაქტიკულად შეწყდა. დღეს ბაზარი დაბალანსებულია, დინამიურია. უცხოური ვალუტის მყიდველიც და გამყიდველიც არის და ბაზარიც ნელ-ნელა სტაბილიზაციას განიცდის.
„არაეკონომიკური ფაქტორები ბუნებრივია არსებობს, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ჩვენი ჩარევა იყოს საჭირო. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ინტერვენციის ბერკეტი ჩვენს ხელშია და საჭიროების შემთხვევაში, მანდატით მონიჭებულ უფლებას კვლავ გამოვიყენებთ და დავეხმარებით ბაზარს", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, რომ "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. "მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში" მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას იყენებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.