დაბალი ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შესაძლებლობას გვაძლევს - ნათია თურნავა
ბოლო თვეების სტატისტიკა ნათლად ცხადყოფს, რომ პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო ინფლაციის მოთოკვისკენ იყო სწორი და ეფექტური, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ პოლიტიკაში მე ვგულისხმობ, როგორც სებ-ის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ასევე მთავრობის ანტიინფლაციურ პოლიტიკას, მათ შორის საბიუჯეტო კონსოლიდაციას და კონკურენციის წახალისებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვე მართლაც დაბალი ინფლაციის მაჩვენებლები გაქვს, ბევრად დაბალი ვიდრე ჩვენი მიზნობრივი 3%-იანი ინფლაცია და ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ რა თქმა უნდა ფრთხილად, ზომიერი ბიჯებით, მაგრამ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, კერძოდ, განაკვეთის შემსუბუქება.
ყველაფერთან ერთად ეს ნაბიჯი იძლევა ფინანსური პირობების შემსუბუქების შესაძლებლობას ქვეყანაში და იმ ადამიანებს, რომელთაც ლარში აქვთ სესხი აღებული და ლარის რესურსი სჭირდებათ მათაც პირობები გავუუმჯობესოთ და ლარის სესხის პროცენტი შევამციროთ“, - აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის, ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1% შეადგინა, რაც ოქტომბერთან შედარებით 0.2%-ით შემცირებულია.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.