დღეიდან თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ
თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად აისახება. მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით. გადარიცხვა შესაძლებელია: 1. თიბისის ბარათიდან ნებისმიერი სხვა საქართელოში მოქმედი ბანკის ბარათზე 2. სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე. 3. სხვა ბანკის ბარათიდან ისევ სხვა ბანკის ბარათზე. 4. ციფრული საფულიდან, apple pay/google pay-ს მეშვეობით თანხის დამატება თიბისის ბარათზე. თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებიდან იქნება შესაძლებელი 24/7- ზე. გადარიცხვა აუცილებლად უნდა შესრულდეს “საკუთარ ანგარიშზე” ღილაკის გამოყენებით, რომ თანხა მომენტალურად აისახოს. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ლარის ვალუტაში და თითო გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარია. ამ ფუნქციონალით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი სარგებლობდეს თიბისის მობაილბანკით.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - როგორია სტატისტიკა
30.06.2026.16:08
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით 27.1 მლრდ აშშ დოლარი (73.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 68.7 პროცენტია. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 252.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 574.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო 257.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვალი ფასის და სხვა ცვლილებების გამო ასევე შემცირდა შესაბამისად: 12.5 და 51.5 მლნ აშშ დოლარით.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.6 მლრდ აშშ დოლარი (31.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 29.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 772.8 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 481.8 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.2 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.8 მლრდ აშშ დოლარი (26.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.6 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 85.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.5 მლრდ აშშ დოლარი (33.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 31.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.3 მლრდ აშშ დოლარია (14.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 13.4 პროცენტია.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 8.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 7.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 617.6 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანი საგარეო ვალდებულებებიდან 470.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.