დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრო დაბალიც კი იქნებოდა - თიბისი კაპიტალი
თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან განახლებას აქვეყნებს და სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არგუმენტებს განიხილავს.
„დაბალი ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება და სხვა ფაქტორები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების არგუმენტებია. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარებადი ქვეყნები ასევე დამოკიდებულნი არიან ძირითადად აშშ-სა და ასევე ნაწილობრივ ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე.
ამ მხრივ, შერბილება ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით კიდევ შემცირდება, თუმცა უკვე მხოლოდ ზომიერად. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-იანი ან მცირედით უფრო დაბალი ნიშნული მოიაზრება.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თებერვლის წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებას აჩვენებს. საკმაოდ ძლიერი იყო ექსპორტის მაჩვენებელი. საგარეო ვაჭრობის დეტალური ჩაშლა მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამასთან, ჯერ კიდევ დაახლოებით 26 თებერვლიდან დღევანდლამდე მოყოლებული, ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა აღინიშნება, რაც ხშირად ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ეს ფაქტორი დროებითია და ხშირად საპირისპირო მიმართულებით იცვლება. მიუხედავად ამისა, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მართალია მცირედით, მაგრამ საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარი უფრო მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას ე.წ. გრძელვადიანი ტენდენცია განაპირობებს“, - ნათქვამია განახლებაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.