ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ინფლაციის კლება შეინიშნება, თუმცა ფასები ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება
ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციაზე ზრდის წნეხს ქმნის, - აღნიშნულია სებ-ის „თვის მიმოხილვაში“. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ცნობით, სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, აშშ-ში, უკრაინასა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთში - დაბალი.
ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6558-დან 2.6818-მდე (0.98%-ით), ხოლო ევროს მიმართ - 2.8675-დან 2.9123-მდე (1.56%-ით) გაუფასურდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6953 და 2.9063 შეადგინა. მარტში ლარიდოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7128 იყო, მინიმალური კი - 2.6570.
მარტში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები დაახლოებით თანაბრად იყო გადახრილი. მარტში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია დრამის, ევროს და რუბლის გამყარება, გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირა; ასევე გაუფასურდა ლარიც, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა როგორც წლიურ, ასევე თვის ჭრილში. წლიურად, მარტში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 1.7%-ით, თვის ჭრილში კი 1.1%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის მარტთან შედარებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 10.4%-ით გამყარდა, თვის ჭრილში გაუფასურება 0.4%-ია.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.