ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "ზრდის შესაძლებლობები ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით" მიიღო მონაწილეობა.
პანელის მთავარი სადისკუსიო თემა იყო თუ როგორ შეიძლება ინოვაციამ და ხელოვნურმა ინტელექტმა გაზარდოს პროდუქტიულობა და გააჩინოს ახალი შესაძლებლობები ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის.
ეკატერინე მიქაბაძემ თავის გამოსვლაში ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებში შესაძლებელია დღეს არსებული ეკონომიკის ტრანსფორმაცია, რაც ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად ახალ გამოწვევებსაც ქმნის.
“ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების გამოყენებამ, რომელსაც მხარს უჭერს სტრატეგიული პოლიტიკა, შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქტიულობა და შექმნას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები. რუტინული ამოცანების ავტომატიზაციით, მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებითა და ახალი ბიზნეს მოდელების ხელშეწყობით, ხელოვნური ინტელექტი ზრდის ეფექტურობას და ინოვაციებს ინდუსტრიებში. ინკლუზიური ზრდის სტრატეგიები, ციფრული ინკლუზიურობა, სამუშაო ძალის განვითარება და ეთიკური გამოყენების პრინციპები აუცილებელია იმისათვის, რომ AI-ის გამოყენებით მიღებულმა სარგებელმა მიიღოს საყოველთაო ხასიათი. ერთობლივი ძალისხმევისა და გააზრებული პოლიტიკის რეფორმების მეშვეობით, საზოგადოებას შეუძლია ააშენოს მრავალმხრივ განვითარებული და პერსპექტიული მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
არსებობს არაერთი გამოწვევა და სწორედ ამიტომ მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ეკატერინე მიქაბაძის მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხელოვნური ინტელექტის მიერ კონფიდენციალურობის სტანდარტების მკაცრ დაცვას მოითხოვს. ასევე გასათვალისწინებელია, მოდელისა და საოპერაციო რისკების ახალი ტიპები, რომლებიც რეგულატორისგან რისკის მართვის ახალ მკაფიო ჩარჩოებს აწესებს. მით უფრო, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან გაზრდილია ინვესტიციები ხელოვნური ინტელექტის კვლევებსა და განვითარებაზე. ისინი საკმაო დროს უთმობენ AI-ზე დაფუძნებული ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავებასა და საკუთარ ორგანიზაციებში ავტომატიზაციის ზრდას.
ვიცე-პრეზიდენტმა პანელის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინიცირებულ პროექტებზე.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.