ეკატერინე მიქაბაძემ BARTA 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „შესაბამისობის მიღმა: კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლება მმართველობისა და მდგრადობის მიმართულებით“ მიიღო მონაწილეობა.
პანელზე გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსის დანერგვის პრაქტიკულ შედეგებზე და აღნიშნა, რომ კოდექსის მოქმედების პირველი წელი ძირითადად ადაპტაციის ეტაპს წარმოადგენდა.
მისივე თქმით, 2024–2025 წლებში ემიტენტების მხრიდან გაიზარდა კორპორაციული მართვის კოდექსის უფრო გააზრებული და აქტიური განხორციელება, რაც ზედამხედველისთვის პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს.
„კორპორაციული მართვის კოდექსმა მნიშვნელოვანი სტიმული შექმნა ემიტენტებისთვის წლიური მმართველობის ანგარიშების, განსაკუთრებით კორპორაციული მართვის ნაწილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და უფრო სტრუქტურირებული და დეტალური ინფორმაციის გამჟღავნებისთვის. ამავდროულად, კოდექსმა ემიტენტებს უბიძგა საკუთარი მმართველობითი ჩარჩოების გადაფასებისკენ, კოდექსში გათვალისწინებული საუკეთესო პრაქტიკის გააზრებისკენ და იმ შემთხვევებში, როდესაც კოდექსთან სრული შესაბამისობა ჯერ კიდევ შეუძლებელია, დასაბუთებული ალტერნატიული ან გარდამავალი გადაწყვეტილებების წარმოდგენისკენ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლიდნენ.
BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო მეტად გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.
BARTA წარმოადგენს მრავალინსტიტუციურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიებში გამჭვირვალობისა და მაღალი ხარისხის ანგარიშგების სტანდარტების ხელშეწყობას და 2019 წლიდან ხელს უწყობს საქართველოში კორპორაციული ანგარიშგების ხარისხისა და გამჭვირვალობის კულტურის გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას