ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა არ შეაფერხა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება - ალექსანდრე ძნელაძე
იდეაში ყველა ველოდით, რომ 0.50 პუნქტით მოხდებოდა შემცირება, რაზეც ბევრმა ექსპორტმა გაკეთა პროგნოზი, ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ Business Insider Georgia-სთან საუბრისას განაცხადა.
ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, განაკვეთის შემცირების მოლოდინები ძირითადად ინფლაციის შემცირებასთან მიმართებაში არსებობდა.
„მიუხედავად ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ფონზე ეროვნულ ბანკს უფრო ფრთხილი ნაბიჯის გადადგმის წინაპირობა აქვს. გადაწყვეტილების მიღებისას არ შეფერხებულა რეალურად, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამასთან, საერთაშორისო ბაზარზე კვლავაც იზრდება საპროცენტო განაკვეთები. როგორც იცით, დოლარშიც და ევროშიც განაკვეთები კიდევ გაიზარდა და ეს ფაქტორი მოლოდინების კიდევ ერთხელ გადაფასებას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, სებ-ის შედარებით უფრო ფრთხილი პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ მეორე მხარეს, რეალურად ეკონომიკას მაინც სჭირდება სტიმულირება. შემცირება იქნება თუ გამკაცრება, საკმაოდ გვიან აისახება ხოლმე ეკონომიკაზე. ეს ვიხილეთ, როცა მკვეთრი ცვლილების პერიოდშიც კი ინფლაციის მაჩვენებელს საერთოდ არ ემჩნეოდა შემცირება. რეალურად იგივეა მონეტარული პოლიტიკის შემცირების ეფექტი ეკონომიკაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 0,25%-ით შემცირდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ვფიქრობთ, ამ ინტერვალს არ დაიჭერს მაჩვენებელს და ყოველი მეორე სხდომის დროს არ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას.
წლის ბოლომდე იყო რამდენიმე პროგნოზი და მოლოდინი, რომ 9-8,5%-მდე უნდა შემცირდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. უკანასკნელი გადაწყვეტილება იძლევა იმედს, რომ მომავალ სხდომაზეც დაახლოებით მსგავსი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტების მხრიდან საუბარია, პირდაპირ მოხდეს ამ განაკვეთზე სწორება დღესვე, მაგრამ როგორც ჩანს, სებ-ი ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს და ამის წინაპირობა აქვს სავარაუდოდ.
რამდენიმე სხვადასხვა პროგნოზია და ამაზე სწორება არ იქნება მართებული. თუნდაც უკანასკნელი გადაწყვეტილება არ იძლევა ამისი კორექტირების საშუალებას. შარშან იყო საუბარი, რომ ეროვნული ბანკი 9%-ზე გააკეთებდა სწორებას, თვითონ ქმნიდა ამ მოლოდინს, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს და ნებისმიერ დროს სხვა ნიშნულზე შეაჩეროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი“, - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.