ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ციფრული ბანკის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად სწორი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი - ლადო პაპავა
ციფრული საქმიანობა ის ახალი პროდუქტია, ის ახალი სფეროა, რომელიც თანდათან იკიდებს ფეხს მთელ მსოფლიოში და მისასალმებელია, რომ ამის პრეცედენტები უკვე შექმნილია საქართველოში, - ამის შესახებ აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ახალი ციფრული ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის კომენტარისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ციფრული საბანკო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშრებით, არის აბსოლუტურად სწორი, რადგან სქართველო არ უნდა ჩამოუვარდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
„აღსანიშნავია, რომ ციფრული ბანკის ლიცენზია მოიცავს საცდელი პერიოდს, ანუ თავდაპირველად გაცემული ლიცენზია არ არის სრულფასოვანი, პირველი შვიდი თვე მხოლოდ სატესტო ოპერაციები განხორციელდება, დეპოზიტების მოზიდვა, სესხების გაცემა და სხვა საბანკო ოპერაციები შეზღუდული იქნება, რაც აბსოლუტურად სწორია. ეს არის სტანდარტული მიდგომა ნებისმიერ ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ისეთ ახალ სფეროსთან, როგორიცაა ციფრული ბანკინგი“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.
მისივე განმარტებით, 7-თვიანი საცდელი პერიოდი საერთაშორისო გამოცდილებით მიღებული პრაქტიკაა, მსგავსი საქმიანობა კი როგორც წესი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომებთან და სტანდარტებთან, შესაბამისად ცალკეული ქვეყნების ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებები მკაცრად რეგლამენტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.