ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური განათლების გამოფენა გაიმართება
ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს საქართველოს საფინანსო სექტორიც შეურთდა. ღონისძიება 6-7 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიაში გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მოსახლეობის ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასახულია კიდეც ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიაში. ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარი ბანკი დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით ბოლო წლების განმავლობაში არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებას ახორციელებს.
თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაში ეროვნული ბანკთან ერთად ჩაერთვება მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge), საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი - საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი და პაშა ბანკი/რებანკი.
გამოფენის დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს საინტერესო ლექციებს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.