ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს და შეინარჩუნებს ფასების სტაბილურობას - თამთა სოფრომაძე
„ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. მონეტარული პოლიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს და შეინარჩუნებს ფასების სტაბილურობას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის მაკროენოკომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძემ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტის შეფასებისას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდა.
როგორც თამთა სოფრომაძემ აღნიშნა, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება, რაც მისი შეფასებით, შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობს. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის დაბალი დონე კი ყველაზე კარგად ასახავს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების გავლენას.
„ნოემბერში ინფლაციური მოლოდინები კლებადია, გარემო დაბალინფლაციურია. ეროვნული ბანკის მოლოდინით და შეფასებით ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალი, საშუალოდ 1,2% შენარჩუნდება. საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებლთან დასტაბილურდება“, - აღნიშნა სებ-ის მაკროენოკომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.
თამთა სოფრომაძემ ყურადღება გაამახვილა ინფლაციურ რისკებზე, რაც როგორც შიდა ასევე საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული. მწვავე გეოპოლიტიკური ვითარება მისი შეფასებით ქვეყნის სუვერენული რისკის პრემიის ზრდის საფრთხეს ქმნის. ამავდროულდ გაზრდილი გაურკვევლობა და საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულისა და ტრანსპორტირების ფასების მატება,ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების წინაპირობაა.
„თუ ინფლაციური რისკები არ რეალიზდება ან მათი სიმწვავე შემსუბუქდება ეროვნული ბანკი განაკვეთის ნეიტრალურ 7%-მდე შემცირებას ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. თუმცა, თუ ინფლაციური რისკი რეალიზდა ან გამწვავდა ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მკაცრი პოზიცია ხანგრძლივად შეინარჩუნოს ან საჭიროების შემთხვევაში გაამკაცროს კიდეც“, - განაცხადა თამთა სოფრომაძემ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 29 იანვარს გაიმართება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.