ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია MBC-ზე გასცა
2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალზე" (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, მიკრობანკების ინსტიტუტის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში საფინანსო სექტორში კონკურენციის კიდევ უფრო ზრდას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2023-2025 წლის საზედამხედველო სტრატეგიის ნაწილია. მისი შეფასებით, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ მეტი საბანკო პროდუქტი გაიცეს მიკრო ბიზნესზე, მოემსახურონ ძირითად მცირე მსესხებლებს და კონკურენცია გაიზარდოს საბანკო სექტორში.
„ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ მეტი საბანკო პროდუქტი გაიცეს მიკრო ბიზნესზე, მოემსახურონ ძირითად მცირე მსესხებლებს და კონკურენცია გაიზარდოს საბანკო სექტორში. ამავდროულად, კარგი შესაძლებლობაა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ვინც ახალ ეტაპზე გადასვლისა და მეტი დაფინანსების მოპოვების მსურველია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" მიკრობანკის ლიცენზიის აღებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიცენზიით ფუნქციონირებდა, მისი ძირითადი ბიზნეს მიმართულება მცირე მეწარმეების დაფინანსება იყო. მიკრობანკად ტრანსფორმირების შემდგომ სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" მიზნად ისახავს გააგრძელოს მცირე ბიზნესის კიდევ უფრო აქტიური დაფინანსება და ბაზრისათვის სხვადასხვა ახალი ტიპის პროდუქტების შეთავაზება, ასევე დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში (RTGS) ჩართვის მეშვეობით გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა და ჩამოყალიბდეს საფინანსო სექტორში კიდევ უფრო ძლიერ მოთამაშედ.
ახალი ტიპის საფინანსო ინსტიტუტების ბაზარზე გამოჩენა ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსურ სექტორში კონკურენციის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანას, რაც დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ საფინანსო სექტორისა და სრულიად ქვეყნის ეკონომიკისათვის.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.