ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 1.3 მილიარდი აშშ დოლარით გაზარდა
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
· იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
· მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
· აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
· მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
· ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
· ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა
08.07.2026.17:23
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
„ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ჯგუფის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ და კერძო სექტორთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, ინვესტორთა მზარდი დაინტერესება საქართველოს და რეგიონის ბაზრებით. აღინიშნა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებით რეფინანსირება. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის მაისში, სადებიუტო სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების შესახებ.
ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახორციელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და მიღწევები, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.