ერთ თვეში კარტოფილი 22.2%-ით გაძვირდა - რომელი პროდუქტებისა და სერვისების ფასების კორექტირებას ჰქონდა გავლენა ინფლაციაზე
მაისში აპრილთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი კარტოფილის 22.2%-იანი გაძვირება იყო, რამაც თვის ინფლაცია 0.3 პპ-ით გაზარდა. როგორც სებ-ის „თვის მიმოხილვაშია“ აღნინული, წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდის. გასულის წლის მაისთან შედარებით ბენზინის ფასებმა საშუალოდ 31.7%-ით მოიმატა, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 1.0 პპ შეადგინა.
სურსათის ფასები თითქმის გასული წლის დონეზე შენარჩუნდა. აქედან გამოსარჩევი ზეთი, პური და ხახვი იყო, რაც ინფლაციას ჯამში 0.6 პპ-ით ამცირებდა, ხოლო ვაშლი, მწვანილი და ატამი ამდენითვე ზრდიდა.
„ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნორმალიზდა. მაისში ადგილობრივი ინფლაცია 2.5%-ს გაუტოლდა და მასში მთავარი წვლილი მომსახურების ფასების ცვლილებამ (2.1 პპ) შეიტანა. შერეულად წარმოებული პროდუქტები ჯამში 0.3%-ით იაფი იყო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შერეულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ზეთის, ანტიბიოტიკებისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფება მოქმედებს. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია 3.8%-მდე გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც საწვავის გაძვირებაა.
მომსახურების ინფლაცია კლებად ტენდენციას განაგრძობს და მაისში 4.4%-მდე შემცირდა. წინა თვესთან შედარებით შემცირების მთავარი მიზეზი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საბაზო ეფექტი, კერძოდ, საბანკო მომსახურების წვლილის განულებაა“, - განმარტავენ სებ-ში.
მაისში წლიური ინფლაცია გასულ თვეებთან შედარებით გაიზარდა და 2.0% შეადგინა, თუმცა კვლავ მიზნობრივი, 3%-იანი, მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. აპრილთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით მოიმატა. აპრილში ინფლაციის ზომიერი მატების მიზეზი საწვავსა და ზოგიერთ სურსათზე ფასების ზრდაა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს წინა თვესთან შედარებით მოიკლო და 1.7% შეადგინა. საბაზო ინფლაციის შემცირება ძირითადად წინა წელს გაძვირებული საბანკო მომსახურების ღირებულების ეფექტის ამოვარდნას უკავშირდება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.