ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპის პირდაპირი გამოხატულება და მარეგულირებლის მანდატის ზუსტი დაფიქსირება - "აფბა" სებ-ის პოზიციაზე
ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა — თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
როგორც ასოციაცია განმარტავს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოში მოქმედი ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, არ წარმოადგენს პოლიტიკურ შეფასებას და ეს მარეგულირებლის მანდატის ზუსტი დაფიქსირებაა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი წესრიგის ალტერნატივა ვერ უნდა გახდეს ძალაუფლების ლოგიკა — „ვინც დიდია, ყოველთვის მართალია“.
“დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსTV“-ზე სანქციების დაწესება გაერთიანებული სამეფოს (UK) სუვერენული გადაწყვეტილებაა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოში მოქმედი ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, არ წარმოადგენს პოლიტიკურ შეფასებას — ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპის პირდაპირი გამოხატულება და მარეგულირებლის მანდატის ზუსტი დაფიქსირება.
UK-ის სანქციები პირველ რიგში სავალდებულოა UK-ის იურისდიქციაში მყოფი პირებისა და UK-ის სამართლის მიხედვით დაფუძნებული პირებისთვის და კომპანიებისთვის. პრაქტიკაში, სანქციებთან დაკავშირებული ვალდებულებები შესაძლოა წარმოიშვას ასევე მაშინაც, როცა არსებობს UK-თან საკმარისი სამართლებრივი კავშირი — მაგალითად, თუ კონკრეტული ტრანზაქცია/ანგარიშსწორება გადის UK-ის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, ან პროცესში მონაწილეობს UK იურისდიქციას დაქვემდებარებული მხარე — ან როდესაც შესაბამისი მოთხოვნა ასახულია საქართველოს სამართლებრივ ჩარჩოში. შესაბამისად, ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა — თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან.
ამავე დროს, პრაქტიკაში ბანკები მართავენ საერთაშორისო შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბანკი წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზრებზე (მათ შორის, ლონდონის ბირჟაზე) და მუშაობს გლობალურ პარტნიორებთან. ასეთი სიფრთხილე და შესაბამისობის არქიტექტურა ბუნებრივია, თუმცა იგი არ ცვლის საბაზო პრინციპს — სად, რა ვალდებულება და რა წესით წარმოიშობა.
და ბოლოს, პრინციპი უნივერსალურია: თუ საქართველო ნებისმიერი მიზეზით დაასანქცირებდა, მაგალითად, BBC-ს, წარმოუდგენელია, რომ UK-ის ფინანსური ზედამხედველი — Financial Conduct Authority (FCA) და მისი თავმჯდომარე Ashley Alder — აცხადებდეს, თითქოს ბრიტანულ ბანკებს ავტომატურად დაეკისრათ ქართული სანქციების შესრულება. პირიქით, ის იტყოდა, რომ UK-ის ინსტიტუტები მოქმედებენ UK-ის სამართლისა და შესაბამისი იურისდიქციის ფარგლებში. სწორედ ეს არის წესებზე დაფუძნებული სამართლებრივი წესრიგი და მისი ალტერნატივა ვერ უნდა გახდეს ძალაუფლების ლოგიკა — „ვინც დიდია, ყოველთვის მართალია…“ - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას