ევრობასკეტის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება! კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია
სერბი სპეციალისტის, ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თავდაჯერებულობას იბრუნებს და ევრობასკეტის საგზურისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის: საკვალიფიკაციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრაში წინა ტურის მსგავსად ფინეთის ნაკრები 15-ქულიანი უპირატესობით 81-64 დავამარცხეთ.
ფინეთში გამართული თამაშისგან განსხვავებით, რომელშიც 7-ქულიანი უპირატესობით გავიმარჯვეთ (83-90), თბილისური მატჩი უფრო ნაკლებ სანერვიულო გამოდგა ჩვენთვის. მატჩის გადამწყვეტ მონაკვეთში საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ და მივიყვანეთ კიდეც გამარჯვებამდე - გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე ნახევარი, როცა ფინელებმა ჯამში სულ 24 ქულა მოიპოვეს, კი ჩვენ საპასუხოდ- 43.
ჯიკიჩმა ხუთეული არ გამოცვალა და იმავე კალათბურთელებს დაეყრდნო: კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი. აშკარაა, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში ეს ხუთი მოთამაშე კარგად აბალანსებს ერთმანეთს შეტევასა და დაცვაში. ქულების უმეტესობა ნაკრების კაპიტანსა და ლიდერზე, თორნიკე შენგელიაზე და ახალ ნატურალიზებულ მოთამაშეზე, კამარ ბოლდუინზე მოდის. ლიდერები კარგები არიან დაცვაშიც და მათი გამორჩეულობა და ლიდერული თვისებები თითოეულ ეპიზოდში იგრძნობა და რაც საუკეთესოდ გამოისახება სტატისტიკაშიც:
კამარ ბოლდუინი - 37 წუთი; 22 ქულა; 9 მოხსნა; 6 პასი; 3 ჩაჭრა.
თორნიკე შენგელია - 35 წუთი; 25 ქულა; 4 მოხსნა; 6 პასი.
გამოსარჩევი იყო დუდა სანაძისა (12 ქულა) და გიორგი შერმადინის (5 ქულა, 4 მოხსნა) თამაში, რომელთაც კარგი დახმარება გაუწიეს ლიდერებს როგორც დაცვაში, ისე - შეტევაში. სკამიდან კარგად ერთვებოდა ბექა ბურჯანაძეც, რომლის სტატისტიკური მონაგარი ცოტ-ცოტა ყველა ასპექტს აერთიანებს და მის მრავალმხრივობაზე მიუთითებს - 23 წუთი, 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშის მიმდინარეობას, ფინელებთან პირველი შეხვედრის მსგავსად, თბილისშიც მძიმედ დავიწყეთ და პირველი ორი მეოთხედის განმავლობაში მდევრის როლში გვიწევდა თამაში. მართალია, ახლოს ვიყავით ქულათა სხვაობით, თუმცა მაინც ვერ ვახერხებდით გარდატეხის შეტანას, ტაიმიც 2 ქულით 38-40 დავთმეთ. დიდი შესვენების მერე კი ყველაფერი ერთიანად გამოსწორდა, გააქტიურდნენ თოკო და კამარი, რამაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. მესამე მეოთხედში ბოლდუინმა საგრძნობლად აკრიფა ქულები, მეოთხე მეოთხედში კი თოკომოტივი კვლავ ლიდერად მოგვევლინა.
ჩვენი ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში ერთპიროვნულმა ლიდერმა სერბეთმა დანია გაანადგურა ანგარიშით 98-51. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები მეოთხე ტურის შემდეგ ორი მოგებით მეორე ადგილზე გადავიდა, თითო-თითო გამარჯვებით მესამე-მეოთხე ადგილებზე ფინეთი და დანია არიან. მართალია, ჩვენ საგრძნობლად გავიუმჯობესეთ სატურნირო მდგომარეობა, თუმცა ბრძოლა გრძელდება და ყველაფერი წინ არის.
მომდევნო სანაკრებო პაუზის დროს, 2025 წლის 21 თებერვალს საქართველო თბილისში დანიის ნაკრებს უმასპინძლებს. პარალელურად ითამაშებენ სერბეთისა და ფინეთის ნაკრებები. 24 თებერვალს კი იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა სერბეთთან გასვლაზე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და საკუთარ თავებზე ვიყოთ დამოკიდებული - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აუცილებლად ითამაშებს ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე!
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.