ევროობლიგაციების გამოშვება წარმოადგენს საორიენტაციო წერტილს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის - Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორის მოადგილე
მსგავსი ემისიები წარმოადგენს საორიენტაციო წერტილს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ქეთევან თოიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ასეთი განთავსებები ეხმარება კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, უკეთ დაგეგმონ საკუთარი დაფინანსების სტრატეგია.
„Galt & Taggart-მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელმწიფო სუვერენული ევრობონდის ემისიის ტრანზაქციაში, როგორც განთავსების თანაწამყვანმა მენეჯერმა, საერთაშორისო ბუქრანერებთან: Citi, J.P. Morgan, ICBC და Société Générale თანამშრომლობით. მსგავსი ემისიები წარმოადგენს საორიენტაციო წერტილს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის და ეხმარება კერძო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, უკეთ დაგეგმონ საკუთარი დაფინანსების სტრატეგია და შეაფასონ ინვესტორების მოლოდინები.
ვულოცავთ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებას ყველა ჩართულ მხარეს. ჩვენ, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ვაგრძელებთ მუშაობას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, კერძო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს მივცეთ შესაძლებლობა, დაგეგმონ და განახორციელონ დაფინანსების მოზიდვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე“ - აცხადებს Galt & Taggart-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ქეთევან თოიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში.
ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება. გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება, მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას