ფინანსურ ბაზრებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შევინარჩუნეთ - ნათია თურნავა
ბოლო პერიოდში ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად - 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ფინანსურ ბაზრებზე რყევები მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული, რამაც ინფლაციური მოლოდინების გარკვეული გაუარესება გამოიწვია.
“აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 8%-ზე შევინარჩუნეთ. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია. ეს ეხება ყველა შემადგენელ ნაწილს - დაწყებული დაბალი ინფლაციითა და ეკონომიკური ზრდით, დამთავრებული ფულადი გზავნილებით, ტურიზმიდან შემოსავლებით და სხვა. შესაბამისად, გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 ივლისს ჩატარდება
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.