ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება
საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობებისა და რისკების შეფასება და ძირითადი აქცენტი საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეა გაკეთებული. დოკუმენტი ასევე მოიცავს ფინანსური სექტორის მახასიათებლებისა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტების მიმოხილვას, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ანგარიშში გაანალიზებულია საგარეო მოწყვლადობა, შინამეურნეობების სექტორი, არაფინანსური კომპანიები და უძრავი ქონების სექტორი; დეტალურად არის მიმოხილული ფინანსური სისტემა და მისი მდგრადობის ანალიზი. გარდა ამისა, დოკუმენტში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენის შეფასება. კერძოდ, სიღრმისეულად არის მიმოხილული ფინანსური სისტემის მასშტაბით მოქმედი მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ინსტრუმენტები.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. 2025 წლის აგვისტოში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. მეორე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო ფარდობის გაპი უარყოფითია. 2025 წლის პირველ ნახევარში არსებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის გაპის დახურვის ტემპი შეანელა, თუმცა სესხების მშპ-თან ფარდობა განაგრძობს მის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ დაახლოებას. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.