ფისკალური დისციპლინის შედეგად, დღეს ფისკალური პარამეტრები (ვალი, დეფიციტი) დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს, რაც საშუალებას გვაძლევს აქტიურად განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და სტრუქტურული რეფორმები - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, ლონდონში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით და საინვესტიციო ბანკების — JP Morgan-ის და ICBC-ის ორგანიზებით, ლონდონში გაიმართა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრების სერია (non-deal Roadshow).
გარდა ამისა, ქართული დელეგაცია მიწვეულ იქნა Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ საქართველოს პანელზე.
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და გააცნო მაკრო-ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. შეხვედრებზე ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს.
„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევს ფისკალურ დისციპლინას, რაც პანდემიური და პოსტ-პანდემიური პერიოდის კრიზისების გამკლავებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საყრდენია. სწორედ ამ ფისკალური დისციპლინის შედეგად, დღეს ფისკალური პარამეტრები (ვალი, დეფიციტი) დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს, რაც საშუალებას გვაძლევს აქტიურად განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და სტრუქტურული რეფორმები ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს მხრიდან ღონისძიებებზე წარმოდგენილ იყვნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სხვა წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.