FTSE 100 - ლონდონის საფონდო ბირჟის გამორჩეული აქციები, რომელსაც თვალი უნდა ადევნოთ 2026-ში
2026 წელი ლონდონის საფონდო ბირჟამ ისტორიული რეკორდით დაიწყო - FTSE 100 ინდექსმა არსებობის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 10,000-იან ნიშნულს. ეს მიღწევა გასული წლის შთამბეჭდავი ზრდის გაგრძელებაა, როდესაც ინდექსმა 2009 წლის შემდეგ საუკეთესო წლიური შედეგი აჩვენა.
საგულისხმოა, რომ ოქროს ფასმა 2025 წელს 64%-ით მოიმატა – ეს მისი ყველაზე ძლიერი წლიური შედეგია 1979 წლის შემდეგ, რაც განსაკუთრებულად მოქმედებს სამთომომპოვებელ კომპანიებზე, რომლებიც ინდექსის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.
2026 წლის დასაწყისში პროგრესულად მოიმატა სპილენძის ფასმა, საიდანაც სარგებელი მიიღეს სამთომომპოვებელმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Glencore, Rio Tinto და Antofagasta.
ვალუტის ეფექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა FTSE 100-ის წარმატებაში. 2025 წლის განმავლობაში აშშ დოლარის სისუსტე გახდა მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორი.
წინსვლით დაწყებული სტარტის ეფექტი გადამდები იქნება ქართული კომპანიისთვისაც, რადგანაც საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.
Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მსხვილ კომპანიას FTSE 100-ში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით
AstraZeneca (LON: AZN)
AstraZeneca-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 2026 წლის დასაწყისში დაახლოებით £230 მილიარდს შეადგენდა. გლობალური ფარმაცევტული კომპანიის შემოსავლების ზრდა განპირობებულია ონკოლოგიისა და CVRM (კარდიოვასკულარული, რენალური, მეტაბოლიზმი) მიღწევებით. AstraZeneca-ს წარმატება ასახავს UK-ის ეკონომიკის გარდაქმნას ინოვაციებზე და ცოდნის ინტენსიურ სექტორებზე.
HSBC (LON: HSBA)
HSBC რჩება ევროპის ყველაზე დიდ ბანკად აქტივების მიხედვით და არის FTSE 100-ის მეორე ადგილზე.
მომსახურების სპექტრი მოიცავს: საცალო ბანკინგს, ქონების მართვას, გლობალურ ბანკინგს. 2025 წელს ბანკმა აჩვენა ძლიერი შედეგები - აზიაში, განსაკუთრებით ჰონგ-კონგსა და ჩინეთში, ბანკს აქვს ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ბანკის დივიდენდები და აქციების დაბრუნების პროგრამები ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია.
Shell (LON: SHEL)
Shell არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკული კომპანია და დიდი ბრიტანეთის ორ დიდ ნავთობკომპანიას შორის უფრო დიდი. მისი საქმიანობა მოიცავს ნავთობისა და ბუნებრივი აირის აღმოჩენას, წარმოებას, გადამუშავებსა და გაყიდვა. კომპანია ინვესტირებას ახდენს განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებებში.
Unilever (LON: ULVR)
Unilever არის მრავალეროვნული მოხმარების პროდუქტების კომპანია, რომელსაც აქვს ცნობილი ბრენდები: Dove, Magnum, Ben & Jerry's, Persil. Unilever-ის პროდუქტებს ყოველდღიურად იყენებს 3 მილიარდზე მეტი ადამიანი – მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 40%, რაც მას მოხმარების პროდუქტების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანიად აქცევს.
Rolls-Royce (LON: RR)
Rolls-Royce გახდა FTSE 100-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატების მაგალითი, რადგანაც ის პირველად მოხვდა ტოპ 10-ში. Rolls-Royce აწყობს და ამუშავებს ენერგოსისტემებს სამოქალაქო, სამხედრო და საზღვაო გამოყენებისთვის. კომპანიის, აქციების ზრდა განპირობებულია სამოქალაქო ავიაციის აღდგენით, ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებით და თავდაცვის მოთხოვნის ზრდით.
British American Tobacco (LON: BATS)
British American Tobacco (BAT) ლიდერია თამბაქოს პროდუქტებში, ასევე vape და სხვა ნიკოტინის ალტერნატივებში. მისი ბრენდებია Dunhill, Kent, Lucky Strike. კომპანიის მაღალი დივიდენდის მოცულობა კი FTSE 100-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
Rio Tinto (LON: RIO)
Rio Tinto წარმოადგენს წამყვანი სამთომოპოვებით ჯგუფს, რომელიც სპეციალიზდება კვლევით სამუშაოებსა და ძვირფასი ლითონების გადამუშავებაში.
GSK (LON: GSK)
GSK (GlaxoSmithKline) FTSE 100-ის ტოპ 10-ში Haleon-ისგან გამოყოფის შემდეგ მოხვდა. კომპანიამ 2025 წელი ძლიერი მაჩვენებლებით, 7%-იანი ზრდით ჩახურა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის დივიდენდი გაიზარდა.
BP (LON: BP)
BP არის FTSE 100-ის ტოპ-10-ში რიგით მეორე ნავთობკომპანია, Shell-ის შემდეგ. მისი პორტფოლიო მოიცავს ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება, გაყიდვას. მისი დივიდენდები და აქციების დაბრუნება სტაბილურია.
Barclays (LON: BARC)
Barclays წარმოდგენილია მრავალფეროვანი ფინანსური სერვისებით: საცალო ბანკინგი, საკრედიტო ბარათები, კორპორატიული და ინვესტიციური ბანკინგი, ძლიერი ბაზარი UK-ში და აშშ-ში,
შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ წელსაც აღნიშნული კომპანიების აქციების ფასს მივადევნოთ თვალი და მუდმივი მონიტორინგი განვახორციელოთ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას