გალტ & თაგარტმა FMCG ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა
გალტ & თაგარტმა სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევა წარადგინა, სადაც ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალია გაანალიზებული. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის მოთამაშეები, ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ამასთან, კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზრის წარმომადგენლები, რომელთაც ბაზრის მოთამაშეებს რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციები გაუზიარეს.
კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც 2018 წელს არსებული 22%-დან მკვეთრი ზრდაა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელში სექტორის ზრდაში ტურისტების და მიგრანტების კონტრიბუციაც დიდი იყო. ამასთან, გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი, 70% საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რომელსაც მოჰყვება სასმელები და თამბაქო.
აღსანიშნავია, რომ ბაზრის ტენდენციების უკეთ გასაანალიზებლად, გალტ & თაგარტმა კომპანიების გამოკითხვა ჩაატარა, რაც ოფიციალურად ხელმისაწვდომ მონაცემებთან ერთად ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების რეალურ დროში შეფასების საშუალებას იძლევა. ეს ინფორმაცია, სექტორის გლობალური ტენდენციების ცოდნასთან ერთად, გალტ & თაგარტს საშუალებას აძლევს დარგის მოთამაშეებს სტრატეგიული განვითარების ხედვა შესთავაზოს. კერძოდ, კვლევა პასუხობს შემდეგ კითხვებს - რომელ რეგიონებშია ბრენდული ქსელების გაფართოების პოტენციალი; რა ფორმატის მაღაზიებია სწრაფად მზარდი; პროდუქტების რა ასორტიმენტზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და მომხმარებლის რა სეგმენტებზე უნდა ფოკუსირდნენ კომპანიები მომავალი 5 წლის განმავლობაში.
„სექტორების სიღრმისეული შესწავლა და ამის საფუძველზე ინვესტორებისათვის საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება ჩვენი მთავარი ამოცანაა. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენციაც, რომ ბაზრის მოთამაშეებს გავუზიაროთ FMCG-ის სექტორის ტენდენციები, ანალიტიკა და მოლოდინები სწრაფად ცვალებად გარემოში. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გლობალურ და რეგიონის ქვეყნების FMCG ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ანალიზი დარგისთვის ღირებულია, რასაც დღევანდელი ჩვენი კონფერენცია ემსახურება,“ - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.