Galt & Taggart-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა, კახა სამყურაშვილმა გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ პროცესებზე ცენტრალური ბანკების რეაგირება იყო.
ღონისძიებაზე სხვადასხვა საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტი დევიდ ვავრა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.
„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, სადაც შესაძლებლობა გვქონდა, ეკონომისტების, ფინანსისტების, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გლობალური სასაქონლო ბაზრების შესახებ ჩვენი მიგნებები გაგვეზიარებინა. აღსანიშნავია, რომ წარმოუდგენელია, ნედლეულის ბაზარი მიმოვიხილოთ იმ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რასაც გლობალური, პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური პროცესები ქმნის. შესაბამისად, ჩვენ კონფერენციაზე მიმოვიხილეთ როგორც წითელი ზღვის კრიზისის, ასევე ისრაელ-ჰამასის ომის ეფექტები ნავთობის გლობალურ ფასებზე და შესაბამისად - რეგიონზე“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.