ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები დღეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ.
ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.
ღია ბიუჯეტის ინდექსი, ასევე, აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც რეიტინგში საქართველო 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა.
• ბიუჯეტის გამჭვირვალობა - 87 ქულა (100 ქულიდან)
• ბიუჯეტის ზედამხედველობა - 83 ქულა (100 ქულიდან);
• მოქალაქეთა ჩართულობა - 44 ქულა (100 ქულიდან)
ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით 2021 წლის კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია. შეფასება 74 ქულიდან გაიზარდა 83 ქულამდე, ხოლო რეიტინგით საქართველომ 21-ე ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით.
2012 წლიდან საქართველომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წლისთვის გადაინაცვლა მოწინავე - სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით ახორციელებს გამჭვირვალობის შეფასებას მთელს მსოფლიოში, რომლის ფარგლებშიც ყურადღება ექცევა შემდეგ მიმართულებებს: ბიუჯეტის გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და ბიუჯეტის ზედამხედველობა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
იხ.ბმული: https://internationalbudget.org/open-budget-survey/rankings
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.