ინფლაციის მოთოკვამ სებ-ს საშუალება მისცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით შეემცირებინა - ვლადიმერ პაპავა
ინფლაციის მოთოკვამ სებ-ს საშუალება მისცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით შეემცირებინა, ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მცირეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება ნელა და სწორი მიმართულებით ფრთხილად მოქმედება სჯობს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა.
პაპავას განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: განსაკუთრებით ისეთი მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელიც იმპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
„იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ყველაზე მეტად განიცდის საგარეო შოკებს. ამ დროისთვის, მსოფლიოში საკმაოდ სტაბილური ვითარებაა, რადგან წამყვან ქვეყნებში ინფლაცია მოითოკა და საქონლის იმპორტთან ერთად ინფლაციის იმპორტი აღარ ხდება. ამან საშუალება მიცა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შეემცირებინა.
შეიძლება ზოგს მოეჩვენოს, რომ 0,5 პროცენტული პუნქტი მცირეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ვითარება სწრაფად იცვლება სჯობს იმოქმედო ფრთხილად, ნელა და სწორი მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ამ ეტაპზე ინფლაცია მოთოკილია, ეს აისახა ქვეყნის შიგნითაც. იმიტომ, რომ თუ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ინფლაციის იმპორტი არ ხდება ადგილობრივი წარმოება, როგორც წესი არ განიცდის ინფლაციურ ზეწოლასა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ფასები ისე სწრაფად აღარ იზრდება, ვიდრე მაშინ როცა მაღალი ინფლაციაა.
ანუ ეს გამოიხატება უკვე ორ რამეში, ერთი, რომ სავარაუდო, საპროგნოზო მაჩვენებელი ინფლაციისა მიზნობრივთან ახლოსაა და ეს ვითარება საკმაოდ კარგია და იმავდროულად, ადგილობრივ წარმოებაშიც ინფლაციური პროცესები არის ზომიერი“, - აცხადებს ლადო პაპავა.
აკადემიკოსი ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მომავლის პროგნოზირება გართულებულია.
„როგორი იქნება მომავალი ამის განჭვრეტა რთულია, იმიტომ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ რთული პროცესები, დაპირისპირებაა დასავლეთსა და რუსეთს შორის. მიმდინარეობს რუსეთის ომი უკრაინაში.
აქ საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ამ ვითარებაში პროგნოზების გაკეთება რთულია, თუ როგორ წარიმართება მოვლენები. ამასთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ზომიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სებ-ის ხელმძღვანელობამ ჩემი აზრით, აბსოლუტურად გამართლებულია.
შემდეგი კომიტეტის სხდომა დაგეგმილია 2024 წლის იანვრის ბოლოს და თუ გლობალურად სიტუაცია შეიცვალა რა თქმა უნდა ეს აისახება კომიტეტის მორიგ გადაწყვეტილებაზე“, - თქვა პაპავამ Business Insider Georgia-სთან საუბრისას.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.