ინვესტორების მხრიდან ეს ზრდის ინტერესს ქვეყნის და ქვეყანაში ინვესტირების მიმართ - ალექსანდრე ძნელაძე საქართველოს ბანკის FTSE 100-ში შესვლაზე
საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საქართველოს ბანკის FTSE 100-ში გადანაცვლება მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ზრდის როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ცნობადობას და ინვესტორების ინტერესს. რაც მისივე თქმით, კაპიტალის მოზიდვის კუთხით დამატებითი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„FTSE 250-ის ინდექსში ორი მსხვილი ქართული ბანკი იყო წარმოდგენილი, დღეს კი საქართველოს ბანკმა FTSE 100-ში გადაინაცვლა. რას ნიშნავს ეს? აღნიშნული ფაქტი ზრდის ცნობადობას და, პირდაპირი მნიშვნელობით, ამაღლებს ქვეყნის ხილვადობას საერთაშორისო ასპარეზზე.
100 ყველაზე გამორჩეული კომპანიის სიაში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი კომპანიისთვის. ინვესტორების მხრიდან ეს ზრდის ინტერესს ქვეყნისა და მასში ინვესტირების მიმართ. ამ თვალსაზრისით, ეს კაპიტალის მოზიდვის კუთხით ქვეყნისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საქართველოს ბანკის FTSE 100-ში გადანაცვლება არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობების და ინვესტიციების არხების გაჩენას უწყობს ხელს, არამედ ქმნის ახალ ნიშნულს, რომლის მიღწევასაც სხვა კომპანიებიც შეეცდებიან.
ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდე საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის მიღების უფრო ოპტიმისტური მოლოდინი არსებობდა, გლობალური და რეგიონული რისკების ზრდამ ეს პროცესი შეაფერხა. თუმცა, მისი თქმით, ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა და მაკროეკონომიკური პარამეტრები რეიტინგის გაუმჯობესების პოტენციალს კვლავ ინარჩუნებს, რაც მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული.
„მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ 2019-2020 წლებში, პანდემიის დაწყებამდე, საინვესტიციო რეიტინგთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტური მოლოდინი გვქონდა. პრინციპში, კონკრეტული პერიოდიც იყო დასახელებული - საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი 2023-2024 წლებში უნდა მიეღო, თუმცა მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. რეგიონში რისკები გაიზარდა, ხოლო საბანკო სექტორის რეიტინგი, უმეტესწილად, ქვეყნის რეიტინგის იდენტურია ან მასთან მჭიდრო კავშირშია. ეს იმის წინაპირობაა, რომ დღეს აქცენტი იმ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და რისკებზე უნდა გადავიტანოთ, რომლებიც ქვეყნისა თუ რეგიონის წინაშე დგას.
რეიტინგის ზრდის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, რადგან საქართველოში საკანონმდებლო ბაზა არა მხოლოდ შემუშავებული, არამედ იმპლემენტირებულია, რაც რეგიონში აშკარად გამოგვარჩევს. მეორე მხრივ, არსებობს პარამეტრები, რომლებიც დღის წესრიგში რისკებად დგას. მთავარი გამოწვევა კვლავ რეგიონული არასტაბილურობაა, თუმცა არსებობს კონკრეტული საკითხების ჩამონათვალი, რომლებზეც სამუშაოა როგორც ქვეყნის, ისე კომპანიების დონეზე. რეიტინგის გაუმჯობესებას მხოლოდ საბანკო სექტორი ვერ შეუწყობს ხელს - მართალია, მყარი საბანკო სისტემა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, თუმცა საერთო წინსვლისთვის სხვა სექტორების განვითარებაც აუცილებელია“, - აღნიშნა ძნელაძემ.
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საბანკო სექტორის განვითარებისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით უკვე გამორჩეულ პოზიციებზეა და შესაბამისი ეკოსისტემაც ჩამოყალიბებულია, მხოლოდ ამით ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბება ვერ მოხდება; ამისთვის აუცილებელია სხვა ფინანსური პროდუქტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, რაშიც, მისი თქმით, უკვე იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას