ინვესტორებისთვის მიმზიდველია თუ როგორ ვუსმენთ და რამდენად კარგად გვესმის მომხმარებლის - არჩილ გაჩეჩილაძე
Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ Lion Finance Group-ის მიმართ გლობალური ინვესტორების ინტერესს კომპანიის ტექნოლოგიური განვითარება და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა განაპირობებს.
მისი თქმით, სწორედ ამ უნარების კომბინაცია და მათი ახალ ბაზრებზე გადატანის პოტენციალი ქმნის იმ კონკურენტულ უპირატესობას, რაც კომპანიას საერთაშორისო აღიარებას უზრუნველყოფს.
„ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, ის მიმზიდველი შიგთავსი, რომელიც არის საინტერესო ინვესტორებისთვის, ეს არის ძირითადად ჩვენი ყოჩაღობა ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ჩვენი მახასიათებელი, თუ როგორ ვუსმენთ და რამდენად კარგად გვესმის მომხმარებლის. და აი ეს პროცესები ერთად აწყობილი ასეთი მარტივი დასაკოპირებელი არ არის. და მეორეს მხრივ, ეს არის მოლოდინი, რომ ხვალ და ზეგ ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ცოდნები გადავიტანოთ ახალ ბაზრებზე და შესაბამისად გაფართოების შემთხვევაში ინვესტორებმა რაღაცა ხეირი ნახონ ამაში“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას