"იყავი ჰაკერზე ჭკვიანი" - ეროვნული ბანკი და საფინანსო სექტორი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კამპანიას უერთდებიან
ეროვნული ბანკის ინიციატივით, მესამე წელია საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო კამპანიას უერთდება და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების აქტივობებს იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. კამპანიის წლევანდელი სლოგანია - დაფიქრდი, სანამ დააჭერ #იყავიჰაკერზეჭკვიანი.
ტექნოლოგიების განვითარება სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური თუ სხვა მომსახურებების მიღებას. თუმცა, შესაბამისად იზრდება რისკებიც. ყოველწლიურად ჩნდება კიბერთავდასხმებისა და თაღლითობების ახალი მეთოდები, რომელთა თავიდან არიდება და იდენტიფიცირება მხოლოდ ცნობიერების ამაღლების გზით არის შესაძლებელი. კიბერ და ფინანსური უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი უკვე განხორციელდა. წელს დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნება გაეცნოს სხვადასხვა სტატიას, ბლოგსა თუ ვიდეომასალას ისეთ თემებზე, როგორიცაა: სოციალური ინჟინერია და მისი სახეები, კიბერკრიმინალების ამოცნობისა და მათგან თავდაცვის მექანიზმები, კიბერუსაფრთხოება ბიზნესებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ (www.finedu.gov.ge) კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებს პარტნიორებთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს. კიბერცნობიერების აღნიშვნაში ეროვნულ ბანკთან და ფინედუსთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზისბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, პროკრედიტ ბანკი, რებანკი და ემბისი.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.