კაპიტალიზაციისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები იმდენად სტაბილურად მაღალია, რომ ამ კუთხით რისკფაქტორებს ვერ ვხედავთ - ალექსანდრე ძნელაძე
საქართველოში საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთადერთ დამფინანსებლად რჩება, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მისი თქმით, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების წილი ეკონომიკის დაფინანსებაში იმდენად მცირეა, რომ ისინი რეალურ ალტერნატივად ვერ განიხილება, ხოლო საბანკო სექტორი დაფინანსების პროცესს სტაბილურად აგრძელებს და ამ მიმართულებით პრობლემა არ იკვეთება.
„საბანკო სექტორის შეფასებას იმ ძირითადი ფაქტორებით დავიწყებ, რომლებზეც, როგორც წესი, ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს - ეს არის ზრდის ტემპი და მომგებიანობა. ორივე მიმართულებით, წლიური მონაცემების მიხედვით, სექტორში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები ფიქსირდება. ასევე მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მდგრადია სექტორი გამოწვევების მიმართ. ამ თვალსაზრისით, 2020 წლიდან მოყოლებული რეგიონში არაერთი სირთულე წარმოიქმნა, თუმცა საბანკო სექტორი მათზე არა მხოლოდ პოსტფაქტუმ რეაგირებდა, არამედ პროაქტიულად საუბრობდა მოსალოდნელ საფრთხეებზე და მუდმივ მზაობას გამოხატავდა. დღეის მდგომარეობით, კაპიტალიზაციისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები იმდენად სტაბილურად მაღალია, რომ ამ კუთხით რისკფაქტორებს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ზრდის ტემპს, როგორც ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ეროვნული ბანკი ფრთხილად აკვირდება არსებულ მდგომარეობასა და ინფლაციურ პროცესებს.
„მოგების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც ქვეყანაში რეინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. ამ თვალსაზრისით, ცალსახად პოზიტიურ ნიშნულებზე ვართ“, - განაცხადა ძნელაძემ.
ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეკონომიკის დაფინანსების მიმართულებით ძირითად გამოწვევებად რჩება დაბალი განჭვრეტადობა, მაღალი ინფლაცია და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი.
„2026 წელს კვლავ აქტუალურია განჭვრეტადობის პრობლემა, რადგან რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები მყისიერი ხასიათისაა. მართალია, საბანკო სექტორი მსგავს პროცესებზე რეაგირებას ყოველთვის დროულად ახერხებს, თუმცა მომავლის ზუსტი პროგნოზირება მაინც დიდ სირთულეს უკავშირდება
მეორე საკითხია ქვეყნის შიგნით ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და მოლოდინები; უკანასკნელ პერიოდში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვნად აისახა ფასებზე ნავთობპროდუქტების ღირებულების ცვალებადობა. ასევე, გამოწვევად რჩება დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც ქვეყნის მასშტაბით კვლავ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარის სტაბილურობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიმდინარე პროცესებში, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში. ბოლო თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 10%-ია, ხოლო წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 7.5%-ს შეადგენს. ამ თვალსაზრისით, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც გამორჩეული შედეგები გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არსებული გამოწვევები კვლავ დღის წესრიგში რჩება როგორც ეკონომიკისთვის, ისე საბანკო სექტორისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.