კატარინა ბიორლინ ჰანსენი ერაყში EBRD-ის ხელმძღვანელად დაინიშნა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ერაყში საქმიანობას იწყებს. ამასთან, კატარინა ბიორლინ ჰანსენი დაინიშნა ბანკის პირველ ხელმძღვანელად ერაყში. ბიორლინ ჰანსენი პასუხისმგებელი იქნება EBRD-ის ინვესტიციებსა და ოპერაციებზე ქვეყანაში.
დანიშვნისას ქალბატონმა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა: „ჩემთვის დიდი პატივია ბანკის საქმიანობის ხელმძღვანელობა ერაყში. EBRD მზად არის მხარი დაუჭიროს ერაყის ეკონომიკის დივერსიფიკაციას, განსაკუთრებული ფოკუსირებით მწვანე და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე.“
ბიორლინ ჰანსენი შვედეთის მოქალაქეა. იგი ბანკს 2006 წელს შეუერთდა და 2016 წლამდე პასუხისმგებელი იყო მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. შემდეგ დაინიშნა ეგვიპტის ოფისის მოადგილედ, ხოლო 2019 წელს – კავკასიის რეგიონულ დირექტორად. 2023 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა EBRD-ის საქმიანობას მოლდოვაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.