კიბერსაფრთხეები მუდმივად ცვალებადია, ფინანსური ინსტიტუტები ფხიზლად უნდა იყვნენ - ალექსანდრე ძნელაძე
საქართველოს საბანკო ასოციაციამ, USAID-ის მიერ დაფინანსებულ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამასთან (CIDR) პარტნიორობით, უმასპინძლა „სამუშაო შეხვედრას საბანკო სექტორში კიბერუსაფრთხოების შესახებ“.
სამუშაო შეხვედრა, რომელსაც კომერციული ბანკების წარმომადგენლები დაესწრნენ, მიეძღვნა საქართველოს საბანკო სექტორის კიბერმედეგობის განმტკიცების საკითხს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის გზით.
მოწვეული სპიკერი, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი, ელენა მატონე, CISA, CRISC და სფეროში აღიარებული ლიდერი, რომელსაც ლუქსემბურგის 2019 წლის ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცრის (CISO), 2020 წლის გლობალური და ევროკავშირის CISO ტიტულები აქვს მინიჭებული, გაუძღვა შეხვედრის რამდენიმე სესიას, რომლებიც კიბერუსაფრთხოების ცვალებად ლანდშაფტს ეხებოდა და ხაზგასმით ისაუბრა ახლად წარმოშობილ გამოწვევებსა და რისკების შერბილების სტრატეგიებზე. მან სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მნიშვნელოვანი მოსაზრებები გაუზიარა კიბერუსაფრთხოების სფეროში მის ფართო გამოცდილებაზე დაყრდნობით.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ, აღნიშნა: „კიბერ უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საბანკო ინდუსტრიამ წარმატებით უზრუნველყოს ფინანსური ტრანზაქციების საიმედოობა და მომხმარებელთა მონაცემებისა და ბანკების აქტივების დაცულობა. ვინაიდან კიბერსაფრთხეები მუდმივად ცვალებადია, ფინანსური ინსტიტუტები ფხიზლად უნდა იყვნენ და მუდმივად აუმჯობესებდნენ კიბერუსაფრთხოების ღონისძიებებს. დღევანდელმა სამუშაო შეხვედრამ, რომელსაც კიბერუსაფრთხოების უმაღლესი კლასის ექსპერტი უძღვებოდა, უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, რომ გავცნობოდით ცვალებად კიბერსაფრთხეებს და კიბერ-რისკების შემცირების ახალ მეთოდებს“.
კიბერუსაფრთხოების მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ელენა მატონემ, განაცხადა: „კიბერუსაფრთხოების სფეროში იზოლირებულობა მოწყვლადობას განაპირობებს. კოლეგებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არა მარტო სასარგებლოა, არამედ აუცილებელია საფრთხეების მომზადებულად დასახვედრად. ეს სამუშაო შეხვედრა იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობამ უფრო ძლიერი დაცვის მექანიზმების შექმნამდე მიგვიყვანოს მთელი სექტორის მასშტაბით“.
CIDR-ის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, ვიტალი ლევინტამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ერთობლივი მუშაობით, საქართველოს ბანკების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საერთო ინფორმაციას იღებენ და, ასევე, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ პირად თვალსაზრისებს. ეს ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიმღებ ყველა პირს, რომ მეტი თავდაჯერებით იმოქმედონ და მათი ბანკები უფრო მედეგი და დაცული გახადონ კიბერთავდასხმების მიმართ“.
საქართველოს საბანკო ასოციაცია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამასთან თანამშრომლობით მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა შესაძლებელი იყოს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საბანკო სექტორში მოღვაწე კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებს შორის. საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობის გზით, მსგავსი შეხვედრები მათ მონაწილეებს საშუალებას მისცემს, რომ ინფორმირებულნი იყვნენ ცვალებადი კიბერსაფრთხეებისა და კიბერ-რისკის შემცირების გზების შესახებ ეფექტიანი შემარბილებელი ტექნიკების გამოყენებითა და კიბერმედეგობის გაძლიერებით.
კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომლის მართვასაც ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს სახელით ახორციელებს DAI Global. პროგრამა ფოკუსირებულია კიბერუსაფრთხოების მედეგობის გაძლიერებაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში.
პროგრამის საერთო მიზანია რეგიონში კიბერუსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საკვანძო ინსტიტუციების დაცვის მექანიზმების გაძლიერების გზით, პროგრამა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის აუცილებელი სერვისების უწყვეტი მიწოდება და, ამავე დროს, გაზარდოს საერთო მედეგობა კიბერსაფრთხეების მიმართ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.