კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება - სებ
გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება.
„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1 პროცენტი. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამცირა. აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს, და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.