კონცენტრაციის კუთხით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში ორი ბანკის ნაცვლად ბაზარზე სამი მსხვილი მოთამაშე იქნება - ალექსანდრე ძნელაძე ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შეძენაზე
მინდა მივულოცო ბაზისბანკს ლიბერთის შეძენა, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
მისი განცხადებით, ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შეძენა მნიშვნელოვანი გარიგებაა, რადგან მცირე ბანკმა უფრო მსხვილი ბანკი შეიძინა. ხოლო კონკურენციის კუთხით, მიუხედავად ბაზრის კონცენტრაციაზე აქცენტისა, საქართველოში მოქმედი 19 საბანკო ლიცენზიის პირობებში, ბანკებს საკუთარი ნიშები უკავიათ და სტაბილურად ფუნქციონირებენ.
„გარიგება შედგა და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა. არ მახსენდება მსგავსი მასშტაბის შემთხვევა, როდესაც შედარებით მცირე ბანკმა უფრო მსხვილი ბანკი შეიძინა, რაც ამ ნაბიჯს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
საქართველოში 19 საბანკო ლიცენზიაა გაცემული და კონკურენციის თვალსაზრისით, თითოეულ მათგანს საკუთარი ნიშა უკავია. სწორი იქნება აღვნიშნოთ, რომ ბანკის ცნობადობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, რაც უფრო მსხვილია ბანკი, მით მეტი შესაძლებლობა აქვს მას, თუმცა კონკურენციის პირობებში სხვა ბანკებიც წლებია სტაბილურად ოპერირებენ, ბაზარზე მყარად არიან წარმოდგენილნი და საკმაოდ მაღალი მოგების მაჩვენებლებიც აქვთ. კონცენტრაციის კუთხით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში ორი ბანკის ნაცვლად ბაზარზე სამი მსხვილი მოთამაშე იქნება.
მესამე მსხვილი ბანკის გაჩენა, რა თქმა უნდა, გააფართოებს კონკურენციას, განსაკუთრებით მსხვილი კლიენტებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მხოლოდ გამსხვილების პროცესს არ ვიხილავთ - მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლეები მომხმარებლებისთვის და ახალი პროდუქტების დანერგვა. ამ თვალსაზრისით, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გარიგება გარკვეულწილად წაახალისებს კონკურენციას არა მხოლოდ მსხვილ, არამედ შედარებით მცირე ბანკებს შორისაც, რადგან მათთვისაც გაჩნდება ახალი გამოწვევები. გაერთიანების პროცესი სრულად ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს და ამ მოვლენას დიდი იმედით ვუყურებთ. რეალურად, დღევანდელი მონაცემებით, ამ ორი ბანკის გაერთიანების შედეგად მთლიანი აქტივები დაახლოებით 12 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბანკო სისტემაში სამ ძლიერ სისტემურ ბანკს ვიხილავთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.