კუპონიზაცია, ალბათ, დარჩა ზოგიერთი ხელმოცარული მოღვაწის მეხსიერებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას არ დავუბრუნდებით - ნათია თურნავა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი მოქალაქე იღებს ლარში სესხს და დანაზოგსაც ეროვნულ ვალუტაში ინახავს.
„ეროვნული ვალუტა არის მართლაც ძალიან მყარი, ძალიან საამაყო და სულ უფრო მეტად პოპულარული. კუპონიზაცია, ალბათ, დარჩა ზოგიერთი ხელმოცარული მოღვაწის მეხსიერებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას არ დავუბრუნდებით“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს.
„სავალუტო ბაზარზე პირველ რიგში მოქმედებს ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც არის ქვეყანაში. არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მსგავსი აპოკალიფსური სურათი დავიხატოთ და ამის შიში გვქონდეს, არ არსებობს, იმიტომ რომ ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად. ყველა ფინანსური მაჩვენებლით ჩვენი სავალუტო სისტემა არის მდგრადი და სტაბილური.
ერთ-ერთი ჩვენი მთავარი ამოცანა პოსტპანდემიურ პერიოდში იყო ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის დონის შემცირება და ეს ამოცანა მიღწეულია. ბოლო მონაცემებით, 1%-ზე ნაკლებია ჩვენი ინფლაცია, როდესაც მიზნობრივი ინფლაცია 3%-ია და გაცილებით დაბალ ნიშნულზე გვაქვს ახლა ფასების დონე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყანას სერიოზული პრობლემა ჰქონდა ამ თვალსაზრისით. არა მარტო ქვეყანას, მთლიანად მსოფლიოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს მოსახლეობაზე ვსაუბრობთ. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია.
სხვათა შორის, ინფლაციასთან ბრძოლაში უდიდესი წვლილი შეიტანა ისტორიულად მყარმა ლარის კურსმა და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამისთვის, როგორც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, თუნდაც იგივე, რომ მთელ რიგ სასაქონლო ბაზარზე მოხდა კონკურენციის წახალისება, იქნება ეს მედიკამენტები, ნავთობპროდუქტები, სხვადასხვა საკვები“, - განაცხადა თურნავამ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.