ლიდერატორის პროგრამაზე მიღება დაიწყო - საქართველოს ბანკი დასაქმების მხარდაჭერას განაგრძობს
სტუდენტებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისთვის ლიდერატორის პროგრამა გრძელდება. ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სასურველი მიმართულებით დააგროვონ სამუშაო გამოცდილება, შეარჩიონ მომავალი პროფესია და ამასთან, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება.
ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს განაცხადის შევსება 10 თებერვლამდე, პორტალზე შეუძლიათ.
ლიდერატორი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, 12 პროგრამის ფარგლებში, რომელიც 30-მდე მიმართულებას აერთიანებს, დააგროვონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, ლიდერატორებს აქვთ შესაძლებლობა, როტაციული პრინციპით, 1 წლის განმავლობაში საკუთარი თავი სხვადასხვა დეპარტამენტში, სხვადასხვა პოზიციაზე გამოცადონ.
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. მასში მონაწილეობა მიიღო უკვე 445-მა სტუდენტმა, მათმა 78%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.
„საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისთვის, გაეცნონ მათთვის საინტერესო დეპარტამენტების საქმიანობის სპეციფიკას, აქციონ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად, შეიძინონ პროფესიული უნარები და დარგის სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ სხვადასხვა საინტერესო პროექტზე. ეს დაეხმარება მათ, სწორად განსაზღვრონ საკუთარი კარიერული ინტერესები და აირჩიონ მომავალი პროფესია. რაც მთავარია, სამუშაო გრაფიკი სრულად არის მორგებული მათ სასწავლო ცხრილს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება“, - აღნიშნავს ელენე ოქრომჭედლიშვილი, ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პროცედურებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.