ლონდონის საფონდო ბირჟაზე Lion Finance Group-ის აქციების ღირებულება იზრდება
ლონდონის საფონდო ბირჟაზე Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციების ღირებულება იზრდება. როგორც Galt & Taggart-ში განმარტავენ, Lion Finance Group-ის აქციების ფასი წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით 16,55%-იან ზრდას აჩვენებს.
„Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 52.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.20% წინა კვირასთან შედარებით და +16.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 222 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.85 - 53.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დააწყისში BGEO ჯგუფმა სახელი შეიცვალა და ის Lion Finance Group-ის სახელით ოპერირებს.
ჯგუფის განცხადებით, სახელის შეცვლა სტრატეგიულ პოზიციონირებას უკავშირდება და ის Lion Finance Group-ი საქმიანობის საერთაშორისო მასშტაბირებას ასახავს.
ჯგუფში შემავალი ბანკების - საქართველოს ბანკისა და ამერიაბანკის სახელები უცვლელი რჩება.
Lion Finance Group (წარსულში BGEO), FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშია და მისი შვილობილი კომპანიები საქართველოსა და სომხეთის საბანკო სექტორში ორი უნივერსალური ბანკით (საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი) არიან წარმოდგენილი. ამასთან, ჯგუფი ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელიც 2006 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და აქციები გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით განათავსა.
აღსანიშნავია, რომ Lion Finance Group-ის აქციონერებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა: JP Morgan, BlackRock, The Vanguard Group, Schroders, Norges Bank Investment Management (წამყვანი საპენსიო ფონდი) და ა. შ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.