მაქსიმალურად ვცდილობთ საფინანსო სექტორში კონკურენციის გაზრდას, ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და ამ მიმართულებით აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას - ნათია თურნავა
კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში, ეს სრულიად შესაძლებელია მსგავსი რეგულაციებით სადაც საქმე საკომისიოებს ეხება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ კონკურენციის ზრდას და ამავდროულად მომხმარებლების დანახარჯების შემცირებას, ჰქონდეთ ფართო არჩევანის შესაძლებლობა სხვადასხვა ბანკს შორის აირჩიონ საუკეთესო,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, სესხის წინსწრებით საკომისიოს ოთხჯერ შემცირების შეფასებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ფიზიკური პირებისთვის და 2 მილიონ ლარამდე ჯამური ვალდებულების მქონე იურიდიული პირებისთვის, სესხის ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადატანისას, რეფინანსირების სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2-დან 0,5%-მდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში საბანკო სექტორი არის ძალიან ძლიერი და სტაბილური, მაგრამ ხასიათდება მაღალი კონცენტრაციით, რაც ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის დიდი გამოწვევაა და სებ-ი ამ მიმართულებით განაგრძობს აქტიურ მუშაობას.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.