Mastercard-ი საქართველოში წარმომადგენლობას აძლიერებს - აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებს თბილისის ოფისი დაფარავს
Mastercard-ი საქართველოში საკუთარ ოფისს აძლიერებს და სურვილი აქვს, რომ საქართველოს კლასტერიდან დაფაროს აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნები. როგორც Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა, პროცესი უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე Mastercard-ის ოფისში მოხდება როგორც გარკვეული კვალიფიკაციების გადანაწილება, ასევე თანამშრომელთა შევსებაც.
„გვინდა, რომ საქართველოში უფრო მეტი და ახალი ტექნოლოგია შემოვიტანოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ოფისი იყოს რეგიონული კლასტერის მატარებელი. შესაბამისად, აქედან მოვემსახუროთ როგორც საქართველოს, ისე შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ჩვენი კომპეტენციები ძლიერდება და ოფისი იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული მოთამაშის ოფისის სტატუსის ქვეშ ვიქნებით. უკვე მიმდინარე პროცესია და ამ დროისათვის 12 თანამშრომელი ვართ და წლის ბოლომდე იმედი მაქვს, რომ 20 თანამშრომლამდე გაიზრდება და კომპეტენციებიც სხვადასხვა მიმართულებით შეივსება“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.